უძველესი მითოლოგიები, ხალხური გადმოცემები, ძველბერძენი მთხრობელები - ეს იმ წყაროთა ჩამონათვალია, სადაც უხვად ვხვდებით ხატოვან თუ დასაბუთებულ ამბებს ოქრომრავლი კოლხეთის შესახებ. შეიძლება ისიც ითქვას, რომ  უძველეს მეკალმეთა საყვარელი საქმიანობა კოლხეთისა და ოქროს საწმისის  ზღაპრული ამბების გარშემო  მრავალგვარი ვარიაციების შეთხზვაც კი გახლდათ, რადგან ძნელად  თუ იპოვნიდნენ ოქროს საწმისზე უკეთეს სიუჟეტს მსმენელთა მოსაზიდად.

თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ კოლხური ოქროსა და მისი დნობის შესახებ ცნობებს ვხვდებით  აპიანეს, პლუტარქეს, ჰეროდოტეს, დიოდორე სიცილიელის წყაროებში, ხოლო ამ მოღვაწეთა კალამს მეზღაპრეობას ნამდვილად ვერ დავწამებთ. 

როგორ მეცნიერები ადასტურებენ, საქართველოში გამოდნობილი ოქრო იგზავნებოდა შუმერებთან და მას დამწერლობის ნიმუშის შესაქმნელად იყენებდნენ. რაც შეეხება ქართველ ხელოსნებს, ისინი დიდოსტატურად  იყვნენ დაუფლებულნი იმ დროის მსოფლიო ოქრომჭედლობის თითქმის ყველა ხერხს: ნივთების შემკობა ზედ დაჩრჩილული ოქროს წვრილი ბურთულებით (ცვარა, გავარსი), გრეხილი, ანუ ფილიგრანული ოქროს მავთულებით, ძვირფასი თვლებით მეტალის გამშვენების ტექნიკას  და ა.შ.

წარმოიდგინეთ, რომ ძვ.წ. მესამე ათასწლეულში, ეგვიპტის პირამიდების პარალელურად, საქართველოში უკვე არსებობდა "თრიალეთის ყორღანული კულტურა", რომელიც აქტიურად ვითარდებოდა  ქვემო ქართლის (წალკისა და დმანისის რაიონები) ტერიტორიაზე და მიეკუთვნება ადრეული ბრინჯაოს ხანას. 

სრულიად შოკისმომგვრელი გახლდათ არქეოლოგთა და მკვლევართათვის  თრიალეთის ერთ-ერთი სამარხის, (ზურტაკეტის სამარხი) მიგნება :   დიამეტრი 100 მეტრი, ხოლო სიმაღლე 8 მეტრი. ასევე, უშჩის სამარხის დასაკრძალავ დარბაზში, რომლის ფართობი 175 მეტრს აღწევს, აღმოჩენილია ოქროს შთამბეჭდავი ფრაგმენტები.არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადგინდა, რომ დარბაზის ხის სვეტები გარშემორტყმული ყოფილა ფურცლოვანი ოქროთი; სამარხებში დასვენებული მიცვალებული ესვენა ოთხთვალა ეტლზე და მასში, იარაღ-საჭურველთან ერთად ჩატანებული იყო უძვირფასესი სამკაულის ნიმუშები, რომლებიც მსოფლიო ხელოვნების სწორუპოვარ  ნიმუშებს მიეკუთვნება.

 თრიალეთის ყორღანული კულტურის ნიმუშებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ფერადი ქვებით მოჭედილი ოქროს თასი (ბარძიმი), რომელიც დათარიღებულია ძვ.წ. მეორე ათასწლეულით. იგი დამზადებულია სახარატო ჩარხზე, ოქროს მთლიანი ფურცლისაგან.

თასი შესრულებულია ორმაგი კედლისაგან, რომელიც ძირისაკენ თანდათან ვიწროვდება. გარეთა კედელი შემკულია წვრილი და გრეხილი მავთულისაგან გაკეთებული სპირალებით, რომლებშიც ჩასმულია სარდიონის, ლაჟვარდის, წითელი იასპის და გიშრის მრგვალი თვლები.

   ბარძიმზე შემოვლებულია თვლების რამდენიმე რიგი: ერთი რიგი მოთავსებულია სასმისის პირზე, ორი კი - ქუსლზე. ხელოვნებათმცოდნეთა აზრით, ოქროს ფირფიტებისაგან და ძვირფასი თვლებით შემკულ ოქროს ბარძიმს, რომელიც დათარიღებულია ძვ. წ. მეორე ათასწლეულით, თავისი შესრულების ტექნოლოგიური სირთულეებითა და მხატვრული ფორმით, ანალოგი არ მოეძებნება იმ პერიოდის მსოფლიო ხელოვნებაში.

 

 

 

სტატიის ავტორი აგათა, 2020-11-04