#ერთისამკაულისისტორია
✍ დაახლოებით 17 საუკუნის წინ ამ საყურეებსა და ბეჭედს კოლხი ქალი ირგებდა. მისი სახელი არ ვიცით,  არც იმ ოქრომჭედლის ვინაობა ვიცით, რომელმაც ეს სამკაულები დაამზადა, მაგრამ ვიცით, რომ ქალი კოლხი იყო. მისი სახლი კი იმ ადგილებში მდებარეობდა, რომელსაც ახლა ფიჭვნარს ვუწოდებთ და ისიც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, პოლიტიკაზე საუბრისას ოჯახში, სადაც ის ცხოვრობდა, რა იყო მთავარი თემა: ამ პერიოდში ლაზეთის სამეფო ძლიერდებოდა, ჯერ ისევ ახალი რელიგია, ქრისტიანობა ვრცელდებოდა და ძლიერი მეზობელი, ბიზანტიის იმპერია თანდათან იკრებდა ძალებს.  
 არქეოლოგი თამარ ფარტენაძე გვიყვება,  რომ ფიჭვნარში არქეოლოგები სამარხებში ძირითადად იმ ნივთებს პოულობენ, რაც გარდაცვლილს ჩაატანეს ოჯახის წევრებმა „იმ ქვეყანაში“ წასაღებად. ფიჭვნარში არსებული მაღალი ტენიანობის გამო სამარხში სხვა არაფერი რჩება, თუმცა ასეთ სამარხებსაც შეუძლიათ ამბების მოყოლა. არქეოლოგებს მათი ესმით.

„ბეჭედი მცირე ზომისაა, შეიძლება ახალგაზრდა ქალი იყო, ან გოგონა. რადგან ოქრო ჩაატანეს სიკვდილის შემდეგ, მის სოციალურ სტატუსზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, შესაძლოა დიდგვაროვანი იყო, ყოველ შემთხვევაში, მისი სოციალური სტატუსი უფრო მაღალი იყო, რადგან ამ პერიოდის სხვა სამარხებში ოქრო არ გვხვდება.

მის გემოვნებაზეც შეგვიძლია ვთქვათ რამდენიმე სიტყვა, სამკაულების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩანს, ძალიან დახვეწილი გემოვნება ჰქონია, საყურე მინის თვლებითაა შემკული, ბეჭედი კი ძალიან კარგი ნამუშევარია, ნებისმიერი ქალი არც ახლა არ იტყვის უარს ამ სამკაულებზე, ოქროს ფონდში შემოსული ბევრი დამთვალიერებელი აქცევს ამ სამკაულებს ყურადღებას“,  –  
კოლხი ქალის  საყურეებსა და ბეჭედს ანალოგიც მოეპოვება, მსგავსი სამკაულები არქეოლოგებმა საქართველოს ერთ-ერთ უძველეს, ურბნისის ნაქალაქარში და ქართლის პიტიახშების რეზიდენციად ცნობილ არმაზისხევში იპოვეს და კიდევ უფრო შორს, უნგრეთში. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს? შეუძლებელია ზუსტი ასლები იყოს, რადგან ამ პერიოდში დამზადებული თითოეული ნივთი უნიკალურია, ოქრომჭედლები მათ ხელით, სათითაოდ ამზადებდნენ. თუმცა ეს მსგავსება იმაზე მიუთითებს, თუ რა ტენდენციები იყო, მარტივად რომ ვთქვათ, რა იყო „მოდაში“ მაშინ. ეს ის შემთხვევაა, როცა მოდა არქეოლოგებს იმის დადგენაში ეხმარება, რომელ საუკუნეში იყო დამზადებული ესა თუ ის ნივთი თუ სამკაული, რადგან ყველა მათგანი ატარებს ინფორმაციას, იმ საუკუნის ნიშნებს, რა დროსაც ის დაამზადეს.

წყარო: "ბათუმელები" , "ნეტგაზეთი". 

 

სტატიის ავტორი ნია ნანავა, 2020-02-16