- არავისთვის იქნება სიახლე, თუ ვიტყვით, რომ საქართველოში ცივილიზაცია ჯერ კიდევ მაშინ არსებობდა, როცა ბევრ სხვა, დღეს უძლიერეს სახელმწიფოს ჩანასახის ფორმაც კი არ გააჩნდა. თუმცა ეს ამბავი ამ სახელმწიფოში მცხოვრებ ქალებს ეხება, უფრო სწორად კი, მათ სამკაულს.

მეოცე საუკუნე საქართველოსთვის არქეოლოგიური აღმოჩენების ერად იქცა, როცა საქართველოს სოფლებში ლამის ყოველ წვიმასა და ნიაღვარს თან მოჰქონდა ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები. დაიწყო არქეოლოგიური გათხრები "ეჭვმიტანილ" ადგილებში და შედეგად, 1930- იანი წლების ბოლოდან დაწყებული საქართველოს ტერიტორიაზე უმდიდრეს სამარხებს მიაკვლიეს.

"ოქრომრავალი კოლხეთი", "ოქროს საწმისის სამშობლო" - ასეთი ეპიტეთებით ამკობდნენ ბერძნები ოქროთი მდიდარ კოლხეთს უკვე ძვ.წ. მეხუთე - მეექვსე საუკუნეებში

"კოლხეთის სიმდიდრე ოქროთი, ვერცხლით, რკინითა და სპილენძით, გვიხსნის იასონის ლაშქრობის საბაბს" - წერდა სტრაბონი თავის გეოგრაფიაში.
თუმცა კოლხთა სამეფომდე დიდი ხნით ადრე ქართველი ტომების საოქრომჭედლო ტრადიციებზე ყორღანული სამარხები გვიამბობენ ძვ. წ. მე-2 - მე-3 ათასწლეულებიდან. იქ აღმოჩენილი სამკაულები საოქრომჭედლო ხელოვნების ნამდვილ შედევრებს წარმოადგენს.

მოდით, წარმოვიდგონოთ წარჩინებული კოლხი ქალი მთელი თავისი კაზმულობით:
დიადემა,
სასაფეთქლე,
გულსაკიდი,
სამკლაური,
სამაჯური,
ბეჭედი,
სარტყელი,
და ამას დავუმატოთ ოქროს პატარა ფირფიტებით მორთული სამოსი და თავსაბურავი. არც ისე მარტივი სატარებელი იქნებოდა წარჩინებული ქალისათვის ამ რაოდენობის ოქროს ნივთები.
... მერედა რა სამკაული! - ერთ რამედ ღირს ცვარასა და ფილიგრანის ტექნიკით შესრულებული გულსაკიდის ხილვა კუს გამოსახულებებით.
ერთნაირი ზომის ოცდაათი პატარა და ერთი დიდი, ცენტრალური კუს საკიდი შემკულია ცვარათი შედგენილი სამკუთხედებით, თვალები კი ინკრუსტრირებულია თეთრი პასტით. საკიდებზე გამოსახულია ხმელეთის კუ, რომელიც კოლხეთში იყო გავრცელებული. კუს ყელსაბამი კლასიკური ეპოქის ოქრომჭედლობის ერთ-ერთ სწორუპოვარ შედევრად არის აღიარებული.

წყარო - სპუტნიკ საქართველო.

სტატიის ავტორი ნია ნანავა , 2020-02-16