×
საყურე
ბეჭედი
სამაჯური
კულონი
ჯვარი
საპიჯაკე
კომპლექტები
 
ერთი სამკაულის ისტორია
#ერთისამკაულისისტორია ✍ დაახლოებით 17 საუკუნის წინ ამ საყურეებსა და ბეჭედს კოლხი ქალი ირგებდა. მისი სახელი არ ვიცით,  არც იმ ოქრომჭედლის ვინაობა ვიცით, რომელმაც ეს სამკაულები დაამზადა, მაგრამ ვიცით, რომ ქალი კოლხი იყო. მისი სახლი კი იმ ადგილებში მდებარეობდა, რომელსაც ახლა ფიჭვნარს ვუწოდებთ და ისიც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, პოლიტიკაზე საუბრისას ოჯახში, სადაც ის ცხოვრობდა, რა იყო მთავარი თემა: ამ პერიოდში ლაზეთის სამეფო ძლიერდებოდა, ჯერ ისევ ახალი რელიგია, ქრისტიანობა ვრცელდებოდა და ძლიერი მეზობელი, ბიზანტიის იმპერია თანდათან იკრებდა ძალებს.    არქეოლოგი თამარ ფარტენაძე გვიყვება,  რომ ფიჭვნარში არქეოლოგები სამარხებში ძირითადად იმ ნივთებს პოულობენ, რაც გარდაცვლილს ჩაატანეს ოჯახის წევრებმა „იმ ქვეყანაში“ წასაღებად. ფიჭვნარში არსებული მაღალი ტენიანობის გამო სამარხში სხვა არაფერი რჩება, თუმცა ასეთ სამარხებსაც შეუძლიათ ამბების მოყოლა. არქეოლოგებს მათი ესმით. „ბეჭედი მცირე ზომისაა, შეიძლება ახალგაზრდა ქალი იყო, ან გოგონა. რადგან ოქრო ჩაატანეს სიკვდილის შემდეგ, მის სოციალურ სტატუსზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, შესაძლოა დიდგვაროვანი იყო, ყოველ შემთხვევაში, მისი სოციალური სტატუსი უფრო მაღალი იყო, რადგან ამ პერიოდის სხვა სამარხებში ოქრო არ გვხვდება. მის გემოვნებაზეც შეგვიძლია ვთქვათ რამდენიმე სიტყვა, სამკაულების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩანს, ძალიან დახვეწილი გემოვნება ჰქონია, საყურე მინის თვლებითაა შემკული, ბეჭედი კი ძალიან კარგი ნამუშევარია, ნებისმიერი ქალი არც ახლა არ იტყვის უარს ამ სამკაულებზე, ოქროს ფონდში შემოსული ბევრი დამთვალიერებელი აქცევს ამ სამკაულებს ყურადღებას“,  –   კოლხი ქალის  საყურეებსა და ბეჭედს ანალოგიც მოეპოვება, მსგავსი სამკაულები არქეოლოგებმა საქართველოს ერთ-ერთ უძველეს, ურბნისის ნაქალაქარში და ქართლის პიტიახშების რეზიდენციად ცნობილ არმაზისხევში იპოვეს და კიდევ უფრო შორს, უნგრეთში. რას შეიძლება ეს ნიშნავდეს? შეუძლებელია ზუსტი ასლები იყოს, რადგან ამ პერიოდში დამზადებული თითოეული ნივთი უნიკალურია, ოქრომჭედლები მათ ხელით, სათითაოდ ამზადებდნენ. თუმცა ეს მსგავსება იმაზე მიუთითებს, თუ რა ტენდენციები იყო, მარტივად რომ ვთქვათ, რა იყო „მოდაში“ მაშინ. ეს ის შემთხვევაა, როცა მოდა არქეოლოგებს იმის დადგენაში ეხმარება, რომელ საუკუნეში იყო დამზადებული ესა თუ ის ნივთი თუ სამკაული, რადგან ყველა მათგანი ატარებს ინფორმაციას, იმ საუკუნის ნიშნებს, რა დროსაც ის დაამზადეს. წყარო: "ბათუმელები" , "ნეტგაზეთი".   

სტატიის ავტორი:
ნია ნანავა
2020-02-16

მეტის ნახვა
 
ქართველი ქალი - სამკაულის მოდის ფუძემდებელი
- არავისთვის იქნება სიახლე, თუ ვიტყვით, რომ საქართველოში ცივილიზაცია ჯერ კიდევ მაშინ არსებობდა, როცა ბევრ სხვა, დღეს უძლიერეს სახელმწიფოს ჩანასახის ფორმაც კი არ გააჩნდა. თუმცა ეს ამბავი ამ სახელმწიფოში მცხოვრებ ქალებს ეხება, უფრო სწორად კი, მათ სამკაულს. მეოცე საუკუნე საქართველოსთვის არქეოლოგიური აღმოჩენების ერად იქცა, როცა საქართველოს სოფლებში ლამის ყოველ წვიმასა და ნიაღვარს თან მოჰქონდა ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები. დაიწყო არქეოლოგიური გათხრები "ეჭვმიტანილ" ადგილებში და შედეგად, 1930- იანი წლების ბოლოდან დაწყებული საქართველოს ტერიტორიაზე უმდიდრეს სამარხებს მიაკვლიეს. "ოქრომრავალი კოლხეთი", "ოქროს საწმისის სამშობლო" - ასეთი ეპიტეთებით ამკობდნენ ბერძნები ოქროთი მდიდარ კოლხეთს უკვე ძვ.წ. მეხუთე - მეექვსე საუკუნეებში "კოლხეთის სიმდიდრე ოქროთი, ვერცხლით, რკინითა და სპილენძით, გვიხსნის იასონის ლაშქრობის საბაბს" - წერდა სტრაბონი თავის გეოგრაფიაში. თუმცა კოლხთა სამეფომდე დიდი ხნით ადრე ქართველი ტომების საოქრომჭედლო ტრადიციებზე ყორღანული სამარხები გვიამბობენ ძვ. წ. მე-2 - მე-3 ათასწლეულებიდან. იქ აღმოჩენილი სამკაულები საოქრომჭედლო ხელოვნების ნამდვილ შედევრებს წარმოადგენს. მოდით, წარმოვიდგონოთ წარჩინებული კოლხი ქალი მთელი თავისი კაზმულობით: დიადემა, სასაფეთქლე, გულსაკიდი, სამკლაური, სამაჯური, ბეჭედი, სარტყელი, და ამას დავუმატოთ ოქროს პატარა ფირფიტებით მორთული სამოსი და თავსაბურავი. არც ისე მარტივი სატარებელი იქნებოდა წარჩინებული ქალისათვის ამ რაოდენობის ოქროს ნივთები. ... მერედა რა სამკაული! - ერთ რამედ ღირს ცვარასა და ფილიგრანის ტექნიკით შესრულებული გულსაკიდის ხილვა კუს გამოსახულებებით. ერთნაირი ზომის ოცდაათი პატარა და ერთი დიდი, ცენტრალური კუს საკიდი შემკულია ცვარათი შედგენილი სამკუთხედებით, თვალები კი ინკრუსტრირებულია თეთრი პასტით. საკიდებზე გამოსახულია ხმელეთის კუ, რომელიც კოლხეთში იყო გავრცელებული. კუს ყელსაბამი კლასიკური ეპოქის ოქრომჭედლობის ერთ-ერთ სწორუპოვარ შედევრად არის აღიარებული. წყარო - სპუტნიკ საქართველო.

სტატიის ავტორი:
ნია ნანავა
2020-02-16

მეტის ნახვა
 
საყურე - სასაფეთქლე უძველესი კოლხი ქალის მოკაზმულობიდან
საყურე - სასაფეთქლე კოლხი ქალის მოკაზმულობა

სტატიის ავტორი:
ნია ნანავა
2020-02-26

მეტის ნახვა